მარტში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2016 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 238.1 მლნ ლარით შემცირდა და პირველი აპრილისათვის 15.9 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 73.2 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.3 მლნ ლარით შემცირდა

მათივე ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით - 5.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხი. 2016 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით ანუ 93.0 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 8.0 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.94 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.