რეკლამა YouTube-ზე უფრო რენტაბელურია, ვიდრე ტელევიზიით

მსოფლიოს უმსხვილესმა საძიებო სისტემამ Google მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ თანამედროვე მედიაბაზრისთვის მნიშვნელოვან შეკითხვაზე - სად უფრო ეფექტურია ვიდეორეკლამა: ტელევიზორში თუ YouTube-ზე?

კვლევა 2013-2016 წლების პერიოდს მოიცავს და ევროპის 8 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩატარდა.

კვლევის თანახმად, განხილული მაგალითების 80%-ში ინვესტიციების რენტაბელურობა (ROI) YouTube-ზე განთავსებული რეკლამების შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაში განთავსებული რეკლამების შემთხვევაში.

კვლევაში მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითი „დანონს“ ეხება. კვლევის თანახმად, საფრანგეთში „დანონის“ ახალი პროდუქტის დესერტ Danette-ს YouTube-ზე განთავსებულ რეკლამაში ინვესტიციები 2-3-ჯერ უფრო რენტაბელური იყო, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაში. ონლაინ ვიდეოს განთავსებამ კი კომპანიას გაყიდვების 7% მოუტანა.

„ჩვენი დაკვირვებით, ონლაინ ვიდეორეკლამა ონლაინ რეკლამის სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო ეფექტურია მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ის ზრდის ვიდეორეკლამის რენტაბელობას მთლიანობაში. კვლევის მიმდინარეობისას ჩვენ YouTube-ი ონლაინ ვიდეოს სხვა პლატფორმებს შევადარეთ და ეს არხი უფრო ეფექტური აღმოჩნდა როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ გაყიდვებისთვის“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სალი დიკერსონმა.