თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს

თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს. თურქი ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრესტურის ფარგლებში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული TRT-ს სამოგზაურო პროგრამის Gulhanin galaxy rehberi-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმოგზაურეს, დაათვალიერეს თბილისის, მცხეთის, ყვარლისა და სიღნაღის ღირსშესანიშნაობები.

TRT-ს სამოგზაურო პროგრამა ყოველ პარასკევს საღამოს ეთერით გადაიცემა და 40 წუთი გრძელდება. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას თურქეთში ათეულობით მილიონი ადამიანი იხილავს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის 3 თვეში თურქეთიდან საქართველოს 273532 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია.