ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტში, საკომიტეტო განხილვაზე, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა,

- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, საკომიტეტო განხილვა ძალიან პოზიტიური იყო.

”ძალიან პოზიტიური იყო კომიტეტში განხილვა. ევროპარლამენტში დღეიდან დაიწყო პროცედურა. პირველი განხილვა შედგა და განხილვა იყო უაღრესად პოზიტიური. ყველა გამომსვლელმა - მთავარმა მომხსენებელმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ - უაღრესად პოზიტიურად შეაფასეს ის გაწეული საქმიანობა, რომელიც საქართველომ გასწია სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. მათ მხარი დაუჭირეს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაცია”, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვა დაიწყო. ”დღეს იყო კომიტეტში პირველი განხილვა, სადაც მოხსენებით გამოვიდა ამ საკითხზე მთავარი მომხსენებელი მარია გაბრიელი, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას. მას ჰქონდა ორი კითხვა ევროკომისიასთან განმარტებისთვის. ევროკომისიამ ამომწურავი პასუხები გასცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის თქმის პროცენტული მაჩვენებლის შემცირების კუთხით და ასევე, საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება. ეს ორივე პასუხი იყო ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იმ მიმართულებით, რომ ძალიან მცირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის თქმის სტატისტიკა და საქართველო ყველაფერს აკეთებს საემიგრაციო პოლიტიკის სრულყოფის თვალსაზრისით, რაც მარია გაბრიელის მხრიდან მიღებული იყო პოზიტიურად”, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, შემდგომი განხილვა ისევ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაიმართება. ”შემდგომი ნაბიჯები არის, რომ მომხსენებელმა უნდა მოამზადოს მოხსენება, რომელსაც გამოიტანს ისევ ამავე კომიტეტში და მას შემდეგ, რაც კომიტეტი მხარს დაუჭერს, ის გავა უკვე კენჭისყრაზე ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იქნება ვფიქრობ გადამწყვეტი და, საბოლოოდ, ევროპარლამენტისგან მიღებული რეზოლუცია გადაიგზავნება ევროკომისიაში. შემდგომი საკომიტეტო განხილვის თარიღი უცნობია ამ დროისთვის, მაგრამ იმედი მაქვს ეს შემჭიდროებულ ვადებში მოხდება”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გაიმართა. კომიტეტის წევრებს მოხსენებით ევროპარლამენტის დეპუტატმა მარია გაბრიელმა მიმართა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.