საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების გზებსა და საშუალებებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა. პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების კუთხით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური სტრუქტურული რეფორმების გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოიცავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.