”საპარტნიორო ფონდმა” OPIC-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

”საპარტნიორო ფონდმა” აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან“ (OPIC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

”საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების კუთხით ”საპარტნიორო ფონდისა” და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.

მემორანდუმს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში მოაწერეს ხელი.

”მემორანდუმი გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მხარეების შესაბამისი რესურსების და შესაძლებლობების გამოყენებას. საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად მოახდენენ სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტების შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად არიან ერთობლივად დააფინანსონ ისინი.

მხარეებს სურთ ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.

ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო “რედისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები”, - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.