ვინ ისარგებლა საქართველოში ვალუტის კურსის მერყეობით?

ეროვნული ვალუტა პოზიციებს თვალსა და ხელს შუა იმყარებს: თუ რამდენიმე თვის წინ 1 დოლარის ღირებულება 2,5 ლარი იყო, დღეს უკვე 2,2334 ლარია.

შესაბამისად, სკეპტიკოსთა პროგნოზი, რომ 1 აშშ დოლარი სულ მალე 3 ლარი გახდებოდა, არ გამართლდა. ამ სიტუაციაში ჩნდება კითხვა - ვინ ისარგებლა ლარის მკვეთრი დევალვაციით, შემდეგში კი - მისი უეცარი გამყარებით? ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან - მოიგო იმან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და სრულ ინფორმაციას ფლობდა.

ავთო სილაგაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: „როდესაც კურსი არასტაბილურია და მისი დევალვაცია ნახტომისებურად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ვერც ქვეყანა სარგებლობს და ვერც მოსახლეობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ბიზნესი, რომლისთვისაც არამყარი სიტუაცია იქმნება. ლარის სწრაფი დევალვაცია მხოლოდ იმათთვის იყო მომგებიანი, ვინც ამ პროცესზე ინფორმაციას ფლობდა, ამავე დროს, მყარი ვალუტა ჰქონდა და ყოველგვარ ხარჯს ლარში იხდიდა. ბიზნესისთვის არც სწრაფი გამყარებაა სასარგებლო და არც სწრაფი დევალვაცია. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ლარის ამჟამინდელი გამყარება დადებითი მოვლენაა, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. ჯერჯერობით ეს ჩვენს ეკონომიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ თუ ეს პროცესი ზომიერად, მიზანმიმართულად წარიმართება და ფასებზეც აისახება, მაშინ უკვე თამამად ვიტყვით, რომ ეს კარგია“.

„თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაცია მართული პროცესი იყო, რადგან ქვეყანაში ამ მასშტაბის გაუფასურების წინაპირობები არ არსებობდა.

„ამ პროცესით ისარგებლა იმან, ვინც იცოდა რა მოხდებოდა. შეიძლება ეს იყო ეროვნული ბანკი, მთავრობა, ან კომერციული ბანკები ანუ ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ლარის კურსის დაცემასა და შემდგომში - მის გამყარებაზე. მთავრობა და ეროვნული ბანკი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ კურსის ფორმირებაში, მაგრამ მარტო გიორგი ქადაგიძე კი არა, ქვეყნის ცენტრალური ბანკის საბჭო იღებდა მცდარ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის კურსზეც მოქმედებდა. ეს იყო მიზანმიმართული, მცდარი პოლიტიკა. ახლაც იგივე ხდება, ოღონდ, საპირისპირო მიმართულებით. ჩემი აზრით, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ ლარის კურსს პოლიტიკური გადაწყვეტილებები აღარ განსაზღვრავდეს“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ლარის კურსის დაცემით ექსპორტიორებმა ისარგებლეს, მაგრამ მთლად ასეც არ არის: მოგება ნახა ექსპორტიორთა იმ ნაწილმა, რომელიც ჩახედული იყო ამ პროცესში.

„რა თქმა უნდა, სავალუტო ჯიხურებმაც ისარგებლეს და კიდეც უნდა ესარგებლათ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გამჭვირვალე პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ, რომ საქართველოში ერთი ადამიანი მეორის ხარჯზე არ მდიდრდებოდეს. ეს არის პრობლემა, თორემ ვიღაც რომ გამდიდრდება, ეს ცუდი სულაც არ არის“, - ამბობს „თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი.

შეკითხვაზე, რით აიხსნება ლარის გამყარება, პაატა შეშელიძემ გვიპასუხა - „უბრალოდ, პოლიტიკა შეიცვალა და კურსიც გამყარებისკენ მიდის. სამწუხაროა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: ლარის კურსი ადამიანების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული“.

ეკონომიკის ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რამდენიმე სეგმენტი დაასახელა, რომელმაც ლარის კურსის მერყეობით მოგება მიიღო.

„ვის შეიძლება ესარგებლა ლარის გაუფასურებით და შემდგომში მისი გამყარებით? - პირველ რიგში კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს, რომლებიც სესხს დოლარში გასცემდნენ და ხარჯი ლარში ჰქონდათ. მათ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს და ეს არც დაუმალავთ: ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა: წელს კოლოსარული მოგება მივიღეთო. რაც შეეხება ექსპორტიორებს, მათ უმეტესობას სესხი დოლარში აქვს აღებული და ლარის გაუფასურების გამო საკრედიტო ტვირთი დაუმძიმდა. ლარის კურსის დაცემა მათთვისაც არ იყო ხელსაყრელი მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტისათვის ნორმალური დევალვაცია ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის დევალვაცია, როგორსაც 2015 წელს ჰქონდა ადგილი. პოლიტიკურ კონტექსტს თუ განვიხილავთ, ლარის გაუფასურება და სოციალური ფონის დამძიმება ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა ხელს. ქადაგიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეა, ყველანაირად ხელს უწყობდა ლარის დასუსტებას, შესაბამისად, ლარს ყველაზე ცუდი კურსი სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა. ეროვნულმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა ყველაფერი იღონეს, რომ ქართული ვალუტის კურსი დაცემულიყო, სოციალური ფონი გაუარესებულიყო და ამას ხალხის უკმაყოფილება გამოეწვია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დოლარის კურსი 2,50 არ უნდა ყოფილიყო და ეს პოლიტიკური კურსი გახლდათ. რასაკვირველია, ლარის გაუფასურებით სავალუტო ჯიხურებმაც ისარგებლეს, რადგან 2015 წელს ყიდვა-გაყიდვის კურსის ზედა და ქვედა ზღვარი დაშორებული იყო, განსხვავებით დღეის მდგომარეობისაგან, როცა ზედა და ქვედა ზღვარი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ამ სეგმენტში სპეკულაციის პირველი წყარო ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის დიდი სხვაობაა. დღესდღეობით სპეკულაცია მოხსნილია და კურსი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ბევრი ფიქრობს, რომ ლარის მერყეობით ბიზნესმაც მოიგო, მაგრამ 2015 წელს საქართველოში დევალვაციის ის მასშტაბი დაფიქსირდა, რომლითაც ბიზნესი ვერ ისარგებლებდა, პირიქით, ეს კურსი მისთვის დამაზაინებელი იყო“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ხათუნა ჩიგოგიძე