„ჰოერლე-გუგენჰაიმ ქონთემფორარის“ თანამედროვე ხელოვნების გალერეის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

პირველად საქართველოში, „ჰოერლე-გუგენჰაიმ ქონთემფორარის“ თანამედროვე ხელოვნების გალერეის ნამუშევრების გამოფენა „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით გაიმართა. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ნამუშევრების პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შედგა, გალერეის დამაარსებელი და კურატორი ფილიპ ჰოერლე-გუგენჰაიმი თავად დაესწრო და გამოფენა სახელწოდებით „თანამედროვე ხიდი“ ხელოვნების მოყვარულებს წარუდგინა. საქართველოში გუგენჰაიმი მეორედ იმყოფება.

ფილიპ გუგენჰაიმის მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების გალერეა წარმოაჩენს თამამ, მუშაობის პროცესზე ორიენტირებული მხატვრების ნამუშევრებს. ამბიციური და მრავალფეროვანი გამოფენები ხაზს უსვამს ესთეთიკისა და კონცეპტუალურობის მნიშვნელობას. მისი გალერეა მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ გავლენიან ფიგურებს, როგორიცაა ენდი ვორჰოლი და ჯონ ლენონი.

bpn

წარმოშობით ფრანგმა ჰოერლე გუგენჰაიმმა, მოდერნისტული ხელოვნების გალერეა 2014 წელს ნიუ-იორკში დაარსა. გალერეის მიზანი — საერთაშორისო პროგრამის განვითარებაა.

„ჩვენი მთავარი მისიაა, აღმოვაჩინოთ დამწყები მხატვრები და მათი ნამუშევარი უკვე კარგად ცნობილი მხატვრების გვერდით გამოვფინოთ. ასეთმა განსხვავებულმა ხედვამ, ჩვენს გალერეას წარმატება მოკლე დროში მიუტანა“, - ამბობს გალერეის კურატორი. არტ-ბიზნესის პარალელურად ის, საქველმოქმედო საქმიანობითაც არის დაკავებული.

გამოფენაზე წარმოდგენილია მასიმო აგოსტინელის, ვილიამს კორმონას, ფრანც კლაინზეკის, კონორ მაქქრიდის, ნუნსიო პაცის, ჰუან მიგელ პალაციოს, აბდულა ქანდილის, ნელსონ საიერსის, მაიქლ ტურჩინის, დომინგო ზაპატას და მაქს ვიდემენის ნამუშევრები. სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები ამშვენებს ნიუ-იორის, ლონდონის, რომის, ციურიხის, სტამბულის, ტოკიოს, ჰონგ-კონგის და სხვა დიდი ქალაქების პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებს. მათი შემოქმედებით კრისტის და სოთბის აუქციონებიც ინტერესდებიან.

სურვილის შემთხვევაში, ხელოვნების მოყვრულებს საქართველოში ჩამოტანილი კოლექციის ნამუშევრების ყიდვაც შეუძლიათ. სასტუმრო ”რედისონში” გამოფენა ორი კვირა დარჩება, შემდეგ კი ექსპოზიცია წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს და მსურველები გამოფენის ნახვას ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ.

უახლოეს მომავალში იგეგმება ჰოერლე-გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნა თბილისში. ამ პროექტში გუგენჰაიმის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“.

„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შორის პარტნიორობა შედგა. უახლოეს მომავალში ჩვენი გალერეის საქართველოში გახსნა იგეგმება და ეს ხელს შეუწყობს, როგორც უცხოელი თანამედროვე მხატვრების და ფოტოგრაფების საქართველოში პოპულარიზაციას, ასევე ქართველი ხელოვანების სახელის საზღვრებს გარეთ გატანას“, - განაცხადა გალერეის დამფუძნებელმა.