თურქული კომპანია ”მეტროს” საქართველოდან გასვლის მოთხოვნით მძღოლები აქციას მართავენ

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საქართველოს ბაზრიდან კომპანია „მეტროს“ გასვლის მოთხოვნით, ორთაჭალის ავტოსადგურში საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია „მეტრო“ საქართველოს მასშტაბით როგორც შიდა რეისებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებს ახორციელებს, რითაც პატარა კომპანიებს არათანაბარ და არაკონკურენტუნარიან გარემოს უქმნის.

„კომპანია „მეტრო“ არის თურქული სატრანსპორტო კომპანია. ის საკმაოდ დაბალი ტარიფით ახორციელებს შიდა რეისებს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ. შესაბამისად, არის საშიშროება, რომ დავრჩეთ უმუშევრები. „მეტრო“ ახორციელებს ასევე ტურისტულ მარშრუტებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ცდილობს მოიპოვოს მონოპოლისტის მდგომარეობა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვითხოვთ თურქული კომპანიის საქართველოდან გასვლას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბესო თაქთაქიშვილმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებული არ აქვთ.