აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმება განიხილეს

ჰანოვერში, აშშ-სა და ევროკავშირის ოთხი წევრი ქვეყნის ლიდერებმა ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (TTIP) შესახებ შეთანხმება განიხილეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ბარაკ ობამას, ანგელა მერკელს, დევიდ კემერონს, ფრანსუა ოლანდსა და მატეო რენცის შორის შედგა.

„ლიდერებმა ისაუბრეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რაც ატლანტიკის ორივე მხარეს გაზრდის ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ ჰანოვერში გამართულ ტექნოლოგიებისა და სამეწარმეო ინვესტიციების ბაზრობაზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს ტარიფების გაუქმებას, პროცედურების გამარტივებას და რეგულაციებს შორის სხვაობის გაუქმებას.

„ამასთან ერთად, უპირატესობით ისარგებლებს ყველა, მათ შორის მცირე ბიზნესით“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ. მისი თქმით, აშშ მზად არის ყველაფერი იღონოს, რათა ეს ამბიციური შეთანხმება წელსვე იქნას მიღწეული.

თუმცა, გერმანიაში ტრანსატლანტიკურ სავაჭრო პარტნიორობას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებმაც ჰანოვერში აქციები გამართეს. შეთანხმების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ისევე როგორც ხელფასები და სამუშაო ადგილების რაოდენობა, შემცირდება.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის TTIP-ის შესახებ მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. შეთანხმება აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს.