კომპანია ”მეტროს” ავტობუსს აქციის მონაწილე მძღოლები გასვლის საშუალებას არ აძლევენ

კომპანია ”მეტროს” ავტობუსს, რომელმაც თბილისი-ბათუმის რეისი უნდა განახორციელოს, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებმა ”მეტროს” ავტობუსს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით გზა გადაუღობეს და სადგურიდან გასასვლელი ჩაუკეტეს.

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საქართველოს ბაზრიდან კომპანია „მეტროს“ გასვლის მოთხოვნით, ორთაჭალის ავტოსადგურში საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანია „მეტრო“ საქართველოს მასშტაბით როგორც შიდა რეისებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებს ახორციელებს, რითაც პატარა კომპანიებს არათანაბარ და არაკონკურენტუნარიან გარემოს უქმნის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.