უახლოეს მომავალში საქართველოს "დისნეის" წარმომადგენლები ეწვევიან

ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციამ წარმატებულად ჩაიარა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია და ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული შედეგებიც მიიღო.

ბოლო 5 დღის განმავლობაში ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამი კერძო საპროდიუსერო კომპანიაც (JTW Metro; Millimeter Film და ABK communications) ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია ხელმძღვანელობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა წამყვანი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესის ლოკაციების საერთაშორისო გამოფენაში, ასევე ქართული დელეგაცია დაესწრო ლოკაციების სკაუტების საერთაშორისო დაჯილდოებას. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრები ჰოლივუდის გავლენიან საპროდიუსერო კომპანიებთან, როგორებიცაა: Paramount Pictures, NBC universal, Universal Pictures, Warner Brothers, HBO, Fox.

ვიზიტის დასასრულს, 25 აპრილს, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გამორჩეულ, ლეიკას გალერეაში უმასპინძლა გავლენიანი საპროდიუსერო კომპანიების, მედიისა და კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სააგენტოების წარმომადგენლებს.

”აღსანიშნავია შეხვედრა "დისნეისთან", რომელმაც საკუთარ სათავო ოფისში უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას და შესაძლებლობა მისცა საკუთარ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების Marvel Entertainment LLC და ABC Television Group-ის წარმომადგენლებს, გასცნობოდნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილმდებარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "დისნეის" მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტიც დაიგეგმა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლოს ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ლოკაციების სკაუტების დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონიაზე ქართული დელეგაციის წევრებმა გაიცნეს მსოფლიოში აღიარებული ისეთი ფილმებისა და სერიალების ლოკაციების მენეჯერები, როგორიცაა Game of Thrones, Sense 8, Grand Hotel Budapest.

განცხადების თანახმად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებისთვის აღნიშნული ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იყო მსოფლიოს წამყვანი ლოკაციების მენეჯერები საქართველოში კინოგადაღებების წარმოებით დაინტერესებულიყვნენ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით ქართულმა საპროდიუსერო კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა ამერიკაში წამყვან AFCI locations show-ზე. ქართული სტენდის ქვეშ 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან.

ლოკაციების შოუს ფარგლებშივე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სხვა სამთავრობო წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელ-დისკუსიაში პროდიუსერებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ბევრ გავლენიან პროდიუსერს გააცნო საქართველოში ახლად დანერგილი ე.წ cash rebate მექანიზმი.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, აშშ-ში პირველი ვიზიტის ფარგლებში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, შესაბამისად, საქართველოში ლოკაციების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პროდიუსერების დაინტერესება საკმაოდ რეალური და პერსპექტიულია.