ნოდარ ებანოიძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამუშაო არეალის გაფართოება ქვეყნის ინტერესებშია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მარტში იგეგმებოდა, თუმცა საკითხი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია და ამ ეტაპზე მისი ინიციატივად დარეგისტრირებაც არ მომხდარა.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ სამუშაო ვარიანტის ინიციატივად დარეგისტრირება რამდენიმე კვირაში განხორციელდება და დიდი ალბათობით, საკითხის განხილვა ამ მოწვევის პარლამენტში მოხდება. ებანოიძის თქმით, რეგულაციების ქვეშ მოექცევიან ე.წ ფარული მიკროსაფინანსოები, ლომბარდები და ყველა ის იურიდიული პირი, რომლებიც სესხებს მიკროსაფინანსოების მსგავსად გასცემენ.

,,ამასთანავე კანონპროექტის საფინანსო ვარიანტში განიხილება შემდეგი საკითხები. ერთი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტის გაცემის ზღვარი 50 ათასიდან 100 ათასამდე აიწევს, მეორე - მათ მიენიჭებათ საფინანსო ინსტიტუტების წილის ფლობისა და დეპოზიტების მიღების უფლება”, - განმარტავს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია საკმაოდ დიდია და მათი სამუშაო არეალის გაფართიოება ქვეყნის ინტერესებშია.

,,რეგულაციების დაქვემდებარებაში არ იგულისხმება სასჯელი, რეგულაცია ნიშნავს გონივრული საზღვრების განსაზღვრას. მიკროსაფინანსოებს სტატისტიკურად იმდენივე ინვესტიცია აქვთ გაკეთებული, რაც მსხვილ საბანკო ინსტიტუტებს. შესაბამისად, მათ უნდა მიეცეთ მეტი სამოქმედო არიალი. მოქმედ მიკროსაფინანსოებს - მხარდაჭერა, ფარულად მოქმედებს კი რეგულაციების ქვეშ მოქცევა სჭირდებათ”, - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

ქრისტინე გამთენაძე