CENN - ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

CENN-ის განცხადებით, სოციალური მიზნით საქართველოს ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანა ახლო მომავალში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფისა და სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენოს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მომავალი 2016-2017 წლებიდან ზამთრისთვის ტყეებიდან შეშის იმ რაოდენობის მეოთხედის გამოტანაც ვეღარ მოხერხდება, რაც მოსახლეობამ თუნდაც გასული ზამთრის პერიოდში მოიხმარა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულს ადასტურებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეგიდით და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით განხორციელებული კვლევები.

”შეშის არსებული დეფიციტის შევსება საქართველოს მთავრობისთვის მართლაც რთული გამოწვევაა და ერთი სამინისტროს კომპეტენციას უთუოდ სცილდება. თუმცა, არსებობს ალტერნატიული სათბობი რესურსი, რომლის დამზადებას და მოსახლეობისთვის მიწოდებას სწორედ სატყეო სააგენტო გეგმავს. აქ იგულისხმება ტყეებში არსებული ბიომასა.

უკვე დაწყებულია სამუშოები დაავადებულ და ჭრაგავლილ ტყეკაფებში წარმოქმნილი ნარჩენის გამოტანისა და ამ ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის მიმართულებით; განიხილება ნარჩენების მართვის წარმოების ეკონომიკური წახალისება და თანამშრომლობა ტყის ნარჩენების წარმომქმნელ კომპანიებთან (ლიცენზიანტებთან). დღის წესრიგში ასევე დგება ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების საკითხი, რომელიც გათვლილი იქნება ბრიკეტებისა და ქვანახშირის გამოყენებაზე. ახმეტაში დაწყებულია ბრიკეტების წარმოების სახელმწიფო სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება. ანალოგიური პროექტების განხორციელებას იწყებენ კერძო კომპანიებიც.

ერთ-ერთი მიმართულება, რომლის გადამოწმებაც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ CENN-თან ერთად დაიწყო, დეგრადირებული ტყეების აღდგენის მიზნით შქერიანების გამოხშირვისა და მისგან ბრიკეტის წარმოების დაგეგმვაა.

ამ მიზნით, აღნიშნული სააგენტოსა და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, CENN-თან და ადგილობრივ მეტყევეებთან ერთად, სურამის ტყეებს ეწვივნენ. საველე ჯგუფმა სოფელ ბიჯნისიდან საჩხერის სატყეოს საზღვრამდე ძლიერ ამორტიზებული 12-კილომეტრიანი გზა ამ ადგილზე გადაადგილების ერთადერთი საშუალებით, საბჭოური „ურალით“ გაიარა.

ტყეების მდგომარეობა აქ მართლაც უმძიმესია. ამოწურულია ყოველგვარი მერქნული რესურსი, თუ არ ჩავთვლით მეორად ამონაყარ ხეებს, რომელთა გამოხშირვა მხოლოდ ტყეების აღდგენის მიზნით იქნება გამართლებული; ასევე მერქნულ რესურსად შეიძლება ჩაითვალოს ათეულობით ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული შქერიანები, რომელთა გავრცელების არეალში ტყის განახლება შეჩერებულია და თუ ეს ფართობი შქერისგან არ გაიწმინდა, ტყე ათწლეულების განმავლობაშიც ვერ აღდგება. კილომეტრებზე გადაჭიმული სატყეო გზიდან გაშლილ ფართობებზე სულ რამდენიმე ათეული ხის დათვლაა შესაძლებელი, რომლის ასაკიც 50 წელს აღემატება. დანარჩენი - ყველგან რამდენიმეწლიანი აღმონაცენია, რომელის ტყეკაფის გამოსაყოფად საჭირო კონდიციას ათწლეულების განმავლობაში ვერ მიაღწევს. საბედნიეროდ, ტყეებს განახლების უნარი კიდევ აქვს, რასაც კლიმატთან ერთად, გეომორფოლოგიური პირობებიც განსაზღვრავს. CENN-ის ეკოლოგიის ექსპერტის, ჭიჭიკო ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ზედაპირის ერთ-ერთ უძველეს ნაწილს წარმოადგენს და აგებულია ეროზიული პროცესებისადმი წინააღმდეგობის გაწევის საკმაოდ მაღალი უნარის მქონე ქანებით. ეროზიულ-დენუდაციური პროცესები აქ ძირითადად სატყეო გზის დასაწყისში და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეა განვითარებული.

საველე ჯგუფმა შქერისგან ბრიკეტის დამზადების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების დადგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები უკვე დაგეგმა. კერძოდ, მომზადდა მასალები ტყის რეკონსტრუქციის პროექტისთვის. ადგილზე აღებული იქნა შქერის ნიმუშები, რომელიც საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტთან ერთად საწარმოო გამოცდას გაივლის. საცდელი ბრიკეტების დამზადება და მათი ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა დაგეგმილია როგორც მერქნის, ასევე შქერის მწვანე ბიომასისგან. ბრიკეტები დამზადდება ვენახის ნასხლავისგან და ბზესგანაც. თუმცა, სპეციალისტებს შქერზე განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ, რადგან მისი კალორიულობა აქამდე საშეშედ ადაპტირებულ სხვა სახეობებს რამდენჯერმე არ ემატება.

ახლო მომავალში დაგეგმილია შქერის მერქნის საცდელი დამზადება და ტრანსპორტირება, რისი საშუალებითაც დაითვლება შქერის მოცულობა ფართობის მიხედვით და მოჭრის, დამორვის, ტრანსპორტირებისა და დამზადების ხარჯები. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით განიხილება მერქნის დამქუცმაცებელი მოწყობილობის (ე. წ. ჩოფერის) ადგილზე გამოყენებაც. ქართველი მეცნიერები სახელმწიფოს ბრიკეტის დამამზადებელ მობილურ მოწყობილობასაც სთავაზობენ, რომელიც ადგილზე დამზადდება და მისი საშუალებით ბრიკეტის წარმოება ტყეშივე იქნება შესაძლებელი.

ადგილობრივი მოსახლეობა ასევე განიხილავს შქერის მერქნის საშეშედ გამოყენებას, პირდაპირ, ბრიკეტის დამზადების გარეშე. მათი განცხადებით, ამის პრაქტიკა საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა და ასაკიან ხალხს კარგად ახსოვს, რომ 2-3 კუბური მეტრი შქერის შეშა, 10 მ³ ჩვეულებრივ შეშას სჯობია”, - ნათქვამია CENN-ის განცხადებაში.