Frontera Resources სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოებს მაისში დაიწყებს

კომპანია Frontera Resources-მა კახეთის რეგიონში სამუშაოების განახლება დააანონსა. კომპანიის ცნობით, ძირითადი სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებში განხორციელდება.

Frontera Resources-ში აღნიშნავენ, რომ ამ მონაკვეთებზე ტექნიკური გამოკვლევები და ოპერაციული სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ხორციელდებოდა, სადაც 300-5 000 მეტრის სიღრმეზე მდებარე რეზერვუარებში აღმოჩენილ იქნა გაზის დიდი მარაგი.

მაისიდან სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის დასავლურ ნაწილში, ჭაბურღილ „უდაბნო N 2”-ზე სამუშაოები დაიწყება.

Frontera Resources-ი აპირებს სატესტო სამუშაოების ჩატარებას, რათა შეფასდეს 2 000-მეტრიანი მონაკვეთის რესურსი. კომპანიის პროგნოზით, მისი სამრეწველო სიმძლავრე შესაძლოა, დღეში 10-20 მილიონ კუბურ ფუტს შეადგენდეს.

გარდა ამისა, 2017 წელს სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში Frontera Resources-ი აპირებს ახალი პროგრამის წამოწყებას, რომელიც ითვალისწინებს 37 ჭაბურღილის გაბურღვას, რაც, კომპანიის შეფასებით, ერთი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის მოპოვების საშუალებას მისცემს.

Frontera Resources-ში აღნიშნავენ, რომ 2015 წელს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, გაზის მარაგი 187 ტრილიონ კუბურ ფუტს შეადგენს.