თბილისის ბოტანიკურ ბაღში დაპირისპირება მოხდა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

პარტიის წევრებმა ბოტანიკურ ბაღში მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა და თავის რეზიდენციას მიუერთა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს არ დაეთანხმა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია. მათი თქმით, პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს.

როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ და თბილისის საკრებულოს წევრმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელზეც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა უნდა გაკეთებულიყო, მერიამ აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 3 მაისს დასრულდება და ”მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება”.