მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 5-9 მაისს გაიმართება

საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 5-დან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიებას თბილისის ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს, თუმცა ჩვენებების ნაწილი სხვა სივრცეშიც, მათ შორის, სპორტის სასახლესა და მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მოეწყობა.

დაგეგმილი ღონისძიებისა და სეზონის სიახლეების შესახებ დღეს სასტუმრო ”რედისონში” Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა პრესკონფერენცია გამართეს. მედიის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქტივობების შესახებ უამბეს კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი აფციაურმა, ”თბილისი მოლის” დირექტორმა ალექსეი მესჩერიაკოვმა, ”რედისონის” წარმომადგენელმა მაკა ღლიღვაშვილმა, McCann Erickson Tbilisi-ს წარმომადგენელმა თამარ გვალიამ და McCann Tbilisi-ს წარმომადგენელმა ნანა ჯანჯღავამ.

წლევანდელ მოდის კვირეულზე თბილისს ეწევევიან დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და მოდის თაყვანისმცემლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სოფო ჭყონიას ინფორმაციით, პროექტი საკმაოდ დიდი და მასშტაბურია. მისივე თქმით, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ის მესამე სეზონის მიმართ ინტერესი დიდია. ღონისძიებას 80-მდე საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი 10 ბაიერი, რომლებიც საქართველოში პირველად ჩამოვლენ.

მისივე ცნობით, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა წარმატებული ქართველი დიზაინერი და ბრენდი. დამწყები დიზაინერებისთვის კი, ცალკე პროექტი - ”BENEXT” მომზადდება.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციაზე. მისივე თქმით, ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს მოდის კვირეულებს. უწყებამ შარშან Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ის ფარგლებში, საქართველოში 19 წამყვანი ჟურნალისტი ჩამოიყვანა, რომლებმაც დაათვალიერეს საქართველო და გააშუქეს მიმდინარე მოვლენები, წელს კი საქართველოს 24 საერთშორისო ჟურნალისტი ეწვევა. ჩოგოვაძის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს, რომ საქართველო და მისი ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ცნობილი გახდეს.

გიორგი აფციაურის თქმით, კულტურის სამინისტრო მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოდის კვირეულს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ღონისძიება. მისი შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებით ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას, მოდის პოპულარიზაციას და დიდ განვითარებას მისცემს ქართველ დიზაინერებს.

ჩვენებების დასრულების შემდეგ, 10 მაისიდან კოლექციები ”თბილისი მოლის” ტერიტორიაზე, დიდ შოუ რუმში განთავსება, სადაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ქვეყნის ისტორიისა და მისი კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, კვირეული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში გაიხსნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამოსს, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და დააგემოვნებენ ქართული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.

მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევიან ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამ ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერებს შორის დასახელებული Diane Pernet. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები და მასტერკლასები, გამოფენები რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, იმუშავებს ორი შოურუმი.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდება Vogue.com, Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2016 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ველით ჟურნალისტებს მსოფლიოს პრესტიჟული მოდის გამოცემებიდან და ტელევიზიებიდან : La 7, Vogue.com, Grazia Italy, Vogue Italy, Vogue.ru, Elle Magazine Germany, Tank magazine, Elle Italy, Conde Nast Traveller, Hello fashion , style.com და სხვა.

მოდის კვირეულის "Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2016" გენერალური პარტნიორია კომპანია The Coca- Cola Company. ღონისძიების გენერალური სპონსორია - Tbilisi Mall; ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Radisson Blu Iveria; ოფიციალური პარტნიორი - სასტუმრო Room Hotel Tbilisi;

ღონისძიების ორგანიზატორი McCann Erickson Tbilisi; მოდის კვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2016 11 მაისიდან დიზაინერების საერთაშორისო კონკურსით ”BENEXT” გაგრძელდება, სადაც 25 დამწყები დიზაინერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღებს მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებულები გაემგზავრებიან მსოფლიოს წამყვან დიზაინის სკოლებში სასწავლებლად.