კომპანია "მინა" საექსპორტო პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს

სააქციო საზოგადოება ”მინა”, იგივე ქსნის მინის ტარის ქარხანა, ევროპის ბაზარზე 2016 წლისთვის საექსპორტო პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს.

ამის შესახებ კომაპნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა თეონა ბაღდავაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ ევროპის ბაზარზე მინის გატანისთვის მზადება 2014 წლის ბოლოდან დაიწყო და პირველი პარტია ექსპორტზე 2015 წელს გავიდა.

”კომპანია ”მინას” საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის IFC-ის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ გამოეყო შეღავათიანი სესხი იმისთვის, რომ მას ჰქონოდა საშუალება, ტექნიკური გადაიარაღება მოეხდინა და ასევე, ჩაეშვა მეორე ხაზი. ამის შედეგად განსაკუთრებით გაიზარდა მინის პროდუქციის ხარისხი, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, თავისი პროდუქცია 2015 წლიდან მსოფლიო ბაზარზე გაეტანა. განსაკუთრებით საგულისხმოა ევროპულ ბაზარზე - იტალიასა და საფრანგეთში. ევროპის ბაზრისთვის მზადება დაიწყო 2014 წლის ბოლოდან, 2015 წელს გაეშვა პირველი პარტია და წელს კი უკვე იგეგმება საექსპორტო პროდუქციის გაორმაგება ამ ბაზრებზე”, - განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.

მისივე თქმით, "მინას" ქართული პროდუქციის ექსპორტში დიდი ხვედრითი წილი უკავია. ”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მინა არის ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი უჭირავს ქართული პროდუქციის ექსპორტში ევროპის ბაზარზე და ის არის ყველაზე დინამიურად მზარდი პროდუქცია, რომელიც უცხოელი პარტნიორების დაინტერესებას იწვევს. ამას რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის, ასევე ზოგადად, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი პროდუქციით წარდგნენ ევროპელი მომხმარებლის წინაშე”, - აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ.

თამარ კორკოტაშვილი