”ნაცმოძრაობა“ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 20:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს, სადაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიისა და მისი მიმდებარე 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისებას გააპროტესტებს , - ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ გააკეთეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა თავის ნაკვეთში შეიყვანა. ”ამ ტერიტორიას თან ჰქონდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რომელიც მთლიანად შეცვალა და იქ თავისი რეზიდენციის მშენებლობას აპირებს”, - განაცხადეს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.

მათივე ინფორმაციით, მიმდებარედ უნდა გასულიყო კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, რის გამო 548 ხე მოიჭრა და დაიხარჯა თითქმის მილიონი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. მათივე ინფორმაციით, ივანიშვილის მოთხოვნით იქ გზა აღარ აშენდება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურ ბაღთან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ და ბაღის გარკვეული ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ წერილზე პასუხი მოსთხოვეს.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ბოტანიკური ბაღის დირექტორის მიერ ხელმოწერილი წერილით ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბაღს 4 ჰექტარი წაართვა, რაც კატეგორიულად უარყო თამაზ დარჩიძემ და განაცხადა, რომ ”არანაირი გადაცემა არ მომხდარა”.

”შენ ხარ ძალიან დიდ შარში. ამაზე აგებ პასუხს. შენი წერილი არის თუ არა ეს? ”, - მიმართა მელიამ დარჩიძეს.

თავის მხრივ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა მას წერილის ”კარგად წაკითხვა” ურჩია.