ნიკა მელია ბოტანიკური ბაღის დირექტორს - ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბოტანიკური ბაღის დირექტორს თამაზ დარჩიძეს ”ხელის ბიჭი” უწოდა. ასე მელიამ დარჩიძეს ბოტანიკურ ბაღთან მიმართა, სადაც ის ”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ წარმომადგენელ, ირაკლი აბესაძესთან ერთად მივიდა და დარჩიძისგან იმ წერილთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდა, რომლითაც ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა გასხვისდა.

”4 ჰექტარი მიწა, რაც იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, გადაეცით თუ არა კონკრეტულ კომპანიას? რა გგონიათ, ციდან ჩამოფრენილები ვართ და დოკუმენტების კითხვა არ ვიცით?... ახალგაზრდა ერთი წუთით მომისმინე. შენ უნდა იცოდე ერთი რაღაც - ვერ გადაგარჩენს ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხულია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი გადაეცი, სანამ აჭარიდან გადმოგიყვანდა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად? ჩაგისვა ჯიბეში? ხელის ბიჭი ხომ ხარ? - არ არსებობს, ვერ გადაგარჩენს”, - მიმართა მელიამ თამაზ დარჩიძეს.

თავის მხრივ, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ”ტყუილი” უწოდა ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განმარტა, რომ ადგილი აქვს იგივე კამპანიას, რასაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ჰქონდა.

”ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შემოთავაზება, გაცვლიდა თუ არა ფართის უცვლელად ტერიტორიას სხვა, ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმსჯელეთ 2 თვე სპეციალისტებთან ერთად და მივიჩნიეთ, რომ ტერიტორია, რომელიც შესაძლოა შემოსულიყო ჩვენს შემადგენლობაში, იყო გაცილებით უკეთესი და სასარგებლო ბოტანიკური ბაღისთვის, ვიდრე ის რაც გვქონდა. ბუნებრივია, ჩვენ გავცვალეთ ტერიტორიები”, - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბაღს 4 ჰექტარი ”ბიძინა ივანიშვილმა წაართვა”.