თამაზ დარჩიძე - ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხზე თბილისის მერიამ მოგვმართა

ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის გამოუსადეგარი ფართობი ვაკე ტერიტორიაზე გადაიცვალა.

მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის საზღვრები წლების განმავლობაში ან ფართოვდებოდა, ან კორექტირდებოდა.

როგორც თამაზ დარჩიძემ განაცხადა, ბაღის ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით მას თბილისის მერიამ მიმართა.

”თებერვალში, თბილისის მერიამ მოგვმართა თხოვნით, რომ განგვეხილა ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი ანუ ვაკე ტერიტორია შემოსულიყო ჩვენს დაქვემდებარებაში და ჩვენს ბალანსზე არსებული ერთ-ერთი განაპირა კლდოვანი ბორცვი სხვა კომპანიისთვის გადაგვეცა”, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბაღის ტერიტორიის საკითხზე მსჯელობისას გადაწყვიტეს, რომ ტერიტორიის მონაცვლეობა მოხდებოდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი უცვლელი დარჩებოდა და ეს პირობა შესრულდა.

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ბიძინა ივანიშვილმა ”წაართვა”.