რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ტენდერი (SPA160012617) გამოაცხადა.

როგორც კომისიაში აცხადებენ, სადგური სოფელ თელეთთან, შავნაბადის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

”ტენდერის შედეგად გამოვლენილი იქნება სამშენებლო კომპანია, რომელიც 60 მეტრის სიმაღლის კოშკურა ანძის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს შეასრულებს. ანძა აღიჭურვება რადიომონიტორინგის უახლესი ტექნიკური საშუალებებით, რომელიც მოწოდებული იქნება საერთაშორისო ტენდერში (SPA150022787) გამარჯვებული ამერიკული კომპანია TCI International, Inc-ის მიერ.

დღეისათვის ამ კომპანიამ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, უკვე აღჭურვა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ”ძეგვის“ სტაციონალური სადგური (აშენდა 2006 წელს), რომელიც ამ ეტაპზე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთადერთი სადგურია თბილისში.

რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სრულყოფილი სისტემის შესაქმნელად, თბილისის რელიეფისა და დასახლებული პუნქტების განლაგების გათვალისწინებით, კომისიას განზრახული აქვს მესამე სტაციონალური სადგურის აშენებაც, რომლის აღჭურვას ასევე ამერიკული კომპანია TCI International, Inc განახორციელებს. ამით თბილისი და მიმდებარე ტერიტორია რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთიანი სისტემით იქნება უზრუნველყოფილი”, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.