სურსათის სააგენტოში „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა გაიმართა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში „სამოქალაქო დარბაზის“ მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სისტემის სრულყოფისა და სააგენტოს ეფექტიანი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობა. სააგენტო მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთვისაც პრიორიტეტულია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოსახლეობის სათანადო ინფორმირებით დაიძლევა ყველა ის საფრთხე, რაც შესაძლოა, არსებობდეს საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა „სამოქალაქო დარბაზის“ წევრებს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) პროექტის მენეჯერმა ისაუბრა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, რომლებიც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო - „სამოქალაქო დარბაზი“ 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. „სამოქალაქო დარბაზში“ მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.