საქართველოს ელჩმა მოზამბიკში ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობები განიხილა

მოზამბიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით ქალაქ მაპუტუს ეწვია.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრები გამართა მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროში, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის კუთხით.

მაპუტუში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, ასევე, შეხვდა ევროპიდან მოზამბიკში სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტზე ორიენტირებული კომპანია “Afritool (PTY) LTD”-ის დირექტორს. შეხვედრისას განიხილეს საქართველოდან მოზამბიკში ქართული ნაწარმის, მათ შორის, ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობები.

ელჩმა კომპანიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ, ასევე ქართული ღვინის ძირითადი მახასიათებლების თაობაზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის შემდგომ გაგრძელებაზე.