ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტის საბჭოს სხდომა გაიმართა

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, აუდიტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შედეგებისა და მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის აუცილებლობაც, მათი თქმით, გასული წლის ბოლოს, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციები და მათი მონიტორინგის შედეგები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანო - აუდიტის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან (მათგან სამი მოწვეული წევრია) და თავისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით, ეხმარება მინისტრს ორგანიზაციის შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დამკვიდრებასა და ფუნქციონირების შეფასებაში.