სოფელ კაპანახჩში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში დღეს 90 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღის გახსნას იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავჯდომარე ოლგა ენდელაძე, საბავშვო ბაღის პედაგოგები, აღსაზრდელების მშობლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,სოფელ კაპანახჩში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, გასულ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ინიციატივით, უცხოურ მხარესთან პარტნიორობით, პროექტის განხორციელებაზე დაიწყო მუშაობა და საბავშვო ბაღის მშენებლობა წამოვიწყეთ. პროექტს თანადაფინანსება გაუწია პოლონეთისა და იაპონიის საელჩოების წარმომადგენლობამ საქართველოში“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მიწვეული სტუმრები ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესს დაესწრნენ, დაათვალიერეს შენობის ინფრასტრუქტურა და პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტო გამოფენა. სოფელ კაპანახჩში საბავშო ბაღის შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია პოლონეთისა და იაპონიიის მხარეებმა უზრუნველყვეს, ეზოს კეთილმოწყობაზე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა. პროექტის განხორციელებისთვის, პოლონეთისა და იაპონიის მხარეებიდან 126 981 ათასი ლარი გამოიყო, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 22 857 ათასი ლარი, აქედან ეზოს კეთილმოწყობას 10 543 ლარი მოხმარდა. კაპანახჩის საბავშვო ბაღში დღეისათვის სამი ჯგუფი ფუნქციონირებს და 15 ადგილობრივი მუშაობს.