ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტმა ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილოს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი ზაფხულის სესიაზე განიხილოს.

შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში.

აღსანიშნავია, რომ ”ევროპის სახალხო პარტია” ზაფხულის სესიასთან დაკავშირებული ჩანაწერის წინააღმდეგი იყო, თუმცა EPP-ს შესწორება ჩავარდა.

”საბოლოო ჯამში მიღებულია ძალიან დადებითი რეზოლუცია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის სასარგებლო ბევრი მომენტია. EPP წინააღმდეგობას უწევდა ჩანაწერს, რომელშიც ჩვენ ვამბობთ,რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხები უნდა დაჩქარდეს და საზაფხულო სესიაზე უნდა მივიღოთ. ისინი ამბობდნენ, რომ არა. გასაგებია, რომ ეს იყო მოთელვა იმ დიდი კენჭისყრის წინ, რომელიც იქნება და EPP გაუწევს, როგორც ჩანს, სერიოზულ წინააღმდეგობას, მაგრამ ხმების შეფარდება ევროპარლამენტშიც ისეთივე იქნება, როგორც ამ კომიტეტზე”, - განაცხადა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, EPP-ს წინადადებას მხარი არც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა.

”EPP-მ გააკეთა განცხადება ვიზალიბერალიზაციის მიცემაზე არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას ჩვენ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ზოგადად, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, იმიტომ რომ ვიზალიბერალიზაციას ქართული მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს”, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ტარიელ ლონდარიძემ.