კომპანია „ფინსერვისი XXI“ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფინსერვისი XXI“, რომელსაც ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანია „ფინსერვისი XXI“-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიას ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი გადაეცა, სანაცვლოდ კი 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედებით კანონი არ დარღვეულა.

”შპს „ფინსერვისი XXI“-მა (ს/კ 205030214) მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. „წითელი ხაზების“ კორექტირების თხოვნით, რომლის თანახმად, აღმოიფხვრა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და ფართობების უცვლელად განხორციელდა ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს „ფინსერვისი XXI“-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. თავის მხრივ, ბოტანიკურმა ბაღმა შპს „ფინსერვისი XXI“-ს გადასცა ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი.

შპს „ფინსერვისი XXI“-ს ქმედებით კანონი არათუ დაირღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის, ირაკლი აბესაძესთვის, ვინც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, - ნათქვამია განცხადებაში.