ნიკა მელია - ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ

დავით ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გუშინ საღამოს, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან მოგვიანებით განმარტა, ეს მას შემდეგ მოხდება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და 3 მაისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

მელიას თქმით, საპროტესტო აქციებს დღეს, დილიდან განაახლებენ. „სპონტანურად აქციაზე 1000-მდე ადამიანის მობილიზება მოხდა თბილისელების უფლებების დასაცავად, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ორგანიზებულ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მოვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, გადაწყვეტილი გვაქვს ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცეთ მერიაში შესვლის საშუალება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე გაკეთდა განცხადებები ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.