დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიაში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს. როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი დავით ნარმანია იმალება, ვინაიდან მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მიეცა და ამავე დროს საკრებულოში დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც ნარმანია უნდა დასწრებოდა, გადაიდო.

“თბილისის მერი შეკითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის”, - განაცხადა აბესაძემ.

ცოტა ხნის წინ მერიაში ასევე მოვიდა საკრებულოს კიდევ ერთი ”ნაციონალი” დეპუტატი სევდია უგრეხელიძე, რომელიც, აბესაძესთან ერთად თბილისის მთავრობის სხდომაზე შეეცდება დასწრებას.

აქამდე არსებული პრაქტიკით, მედიას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში დასწრებისა და როგორც განცხადებების ჩაწერის, ისე ვიდეოკადრების გადაღების საშუალება ჰქონდა, დღეს კი ჟურნალისტებს მხოლოდ შენობის ფოიეში შესვლის ნება მისცეს.