"ეს ჰესი არ უნდა აშენდეს!" - სვანები ნენსკრაჰესის მშენებლობას დაუპირისპირდნენ

ჭუბერში ნენსკრაჰესის მშენებლობა მწვავედ გააპროტესტეს. ხალხს აინტერესებს, რა სარგებელს მიიღებენ ამ პროექტიდან მაშინ, როდესაც შეიძლება მიკროკლიმატი შეიცვალოს და მათი ცხოვრების წესიც დაირღვეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, "ნენსკრაჰესის" მშენებლობა ზაფხულში უნდა დაიწყოს და ამ ელექტროსადგურმა ქვეყნის ელექტროსისტემას 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შემატოს.

საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, მაგრამ ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტი და იმპორტზე დამოკიდებულება ყოველ წელს იზრდება. სრულყოფილი ელექტრომომარაგებისთვის, ერთი და ისიც სადავო ენგური საკმარისი არ არის. ქვეყანას დამატებით ახალი გიგანტური სადგური სჭირდება. ასეთ სადგურს კი, ბუნებრივია, რაღაცა პრობლემა ყოველთვის მოჰყვება, რომელსაც მოსახლეობა აუცილებლად გააპროტესტებს. ასევე მუდმივად ჩნდება იმის საშიშროება, რომ შეიცვლება კლიმატი, რამაც შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება საფრთხის წინაშე, დააყენოს. ქვეყანას კი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. "ნენსკრაჰესი" ერთადერთია იმ მსხვილ ელექტროსადგურებს შორის, რომლის მშენებლობა საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.

მოსახლეობა კი გზების გადაკეტვითა და მშენებლობის ხელის შეშლით იმუქრება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაოები უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ გახდება ცნობილი, რა სარგებელს მოუტანს პროექტი ჭუბერის თემს. ადგილობრივების თქმით, ისინი გადასახლების წინააღმდეგიც არიან.

"გავრეკავთ აქედან, ეს ჰესი არ უნდა აშენდეს. 20 წლის ბიჭი დამეღუპა, მის სასაფლაოს ვერ მივატოვებთ. ჩვენ გვინდა აქ ცხოვრება და უნდა ვიცხოვროთ აქ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთარ პაკელიანმა.

"საპარტნიორო ფონდში", რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს, აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის არეალში მოსახლეობა არ ცხოვრობს და შესაბამისად, გადასახლებაც არავის ემუქრება. ფონდის ინფორმაციით, კაშხლის სათავესთან რამდენიმე ადამიანს მიწის ნაკვეთი აქვს და მათ კომპენსაციის მიღებაზე ესაუბრებიან.

რაც შეეხება თემის სარგებელს, საპარტნიორო ფონდში ირწმუნებიან, რომ პროექტში 400-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, თემში გაკეთდება გზები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. ქვეყნის სარგებელი კი 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია და 1 მილტიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის არასრულყოფილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მასში ბევრი მოსალოდნელი საფრთხეა გამორჩენილი.

"ეს პროექტი გულისხმობს 400 ჰექტარის დატბორვას. ამ ტერიტორიის 95% ტყის მასივია. რეზერვუარების აშენებით შეიცვლება მიკროკლიმატი, რომლის შედეგადაც ჭუბერის თემში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. მოსახლეობას კი კომპენსაციის გარეშე მოუწევს განსახლება", - აცხადებს დავით ჭიპაშვილი და დასძენს, რომ პროექტში არსად წერია გადამცემი ხაზების მშენებლობა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობას ხელში ჩაუვარდა რუკა, სადაც მითითებულია, რომ სოფელი ლახამი მაღალი ძაბვის გადამცემი 500-კილოვოლტიანი ხაზის ქვეშ მოჰყვება და 50 ოჯახის განსახლება გახდება საჭირო. საპარტნიორო ფონდში ამ ინფორმაცის არ ადასტურებენ.

ამასთანავე, ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ რეზერვუარის ტერიტორია არ არის დეტალურად შესწავლილი. "პროექტის მიხედვით ნაგულისხმებია, რომ მდინარე ნაკრა უნდა გადმოისროლონ მდინარე ნენსკრას ხეობაში. ნაკრას ხეობაში კი ორი ღვარცოფული მდინარეა, რომელსაც პერიოდულად ჩამოაქვს ნატანი და მას მდინარე ნაკრა ქვევით რეცხავს. როდესაც ამ მდინარის კალაპოტი შეიცვლება, საფრთხე შეექმნება ნაკრას თემს, ვინაიდან ნატანის ქვევით ჩატანა აღარ მოხდება", - ამბობს დავით ჭიპაშვილი.

საპარტნიორო ფონდში კი აღნიშნავენ, რომ მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები, მათ შორის, ევრობანკის, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მოწვეული კომპანია, ასევე შვეიცარიული და იტალური საინჟინრო კომპანიები.

რაც შეეხება მოსახლეობის მიწებზე პრეტენზიებს, გარემოსდამცველი აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც რეზერვუარი უნდა აშენდეს, საუკუნეების განმავლობაში ჭუბერის თემის საკუთრებაა. თუმცა, ვინაიდან მათ ეს ტერიტორია რეესტრში არ აქვთ გატარებული, სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.

"ნენსკრაჰესის" მშენებლობა ზაფხულში უნდა დაიწყოს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 210 მეგავატია, საინვესტიციო მოცულობა კი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის "ექსიმბანკი". პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

ჰესს კორეული ინვესტორის "ქეი ვოთერის" მიერ ტენდერით შერჩეული იტალიური კომპანია "სალინი-იმპრეჯილო" ააშენებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია პასუხისმგებელია გარემოს უსაფრთხოებაზეც. 

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"