რამდენად აბედნიერებს ანაზღაურებადი შრომა კავკასიელ ქალებს?

ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსებით დაწყებული, მეცნიერები და პოლიტიკოსები ცდილობენ ბედნიერების ბუნების შესწავლას, ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრების რეცეპტის საიდუმლოს ამოხსნას.

საკითხი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. მეტიც, ბედნიერების თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ოთხმა ქვეყანამ: ბუტანმა, ეკვადორმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და ვენესუელამ ბედნიერების მინისტრებიც კი დანიშნეს!

ყველგან მსოფლიოში, დასავლური ქვეყნების ჩათვლით, დიდი ხანია, არსებობს ინიციატივები, რომლებიც საჯარო პოლიტიკის წარმატების გასაზომად სტანდარტული ეკონომიკური ინდიკატორების მიღმა არსებული კეთილდღეობის სხვა საზომების გამოყენებას ითვალისწინებს. მსგავსი ცვლილებებისა და ბედნიერების მნიშვნელობაზე ბოლო დროს ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმაც: „დროა, ვაღიაროთ, რომ ცხოვრებაში ფულზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. დროა, მთლიანი შიდა პროდუქტის გარდა, საერთო კეთილდღეობაზეც ვიზრუნოთ“.

დღესდღეობით, ბედნიერების ეკონომიკის სფეროს უამრავი ნაშრომი ინდივიდუალური კეთილდღეობის რეალური მიზეზების გამოკვლევას ესწრაფვის.

რამდენად აბედნიერებს ანაზღაურებადი შრომა კავკასიელ ქალებს?

ჩვენ გადავწყვიტეთ, წვლილი შეგვეტანა ბედნიერების შესახებ არსებულ ეკონომიკურ ლიტერატურაში სამხრეთ კავკასიელი ქალების ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების შესწავლით. კერძოდ, გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის შეგვედარებინა დასაქმებული ქალები და დიასახლისები. საზოგადოებისთვის რამდენიმე ტიპის პოტენციური სარგებელი მოაქვს ქალბატონების შრომის ბაზარზე აქტიურ მონაწილეობას, დიასახლისის ტრადიციული როლისგან განსხვავებით. ქალებს სარგებელი მოაქვთ მთლიანად ეკონომიკისთვის ისეთ პროდუქტიულ ეკონომიკურ აქტივობებში ჩაბმით, როგორიცაა მომსახურების სფერო (ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩათვლით), მრეწველობა თუ სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, პროფესიისა და პროფესიული გამოცდილების შეძენა ამცირებს ქალის დამოკიდებულებას მეუღლესა და საზოგადოებაზე. ბოლოს, ერთზე მეტი მარჩენალის ყოლა იცავს ოჯახს უარყოფითი შოკებისგან, შედეგად კი წვლილი შეაქვს სიღარიბესთან ბრძოლაში.

ეს ყოველივე პოლიტიკოსებისათვის კარგ მიზეზს წარმოადგენს, რომ მხარი დაუჭირონ ქალთა აქტიურ მონაწილეობას შრომის ბაზარზე. თუმცა ჩნდება კითხვა, რჩება თუ არა ქალის დასაქმება ცალსახად დადებით მოვლენად, როცა ამ ქალის სუბიექტურად აღქმულ ბედნიერებასაც ვითვალისწინებთ?

პირველი კითხვა, რასაც უნდა ვუპასუხოთ, არის: რას გრძნობენ ქალები, როცა შრომის ბაზარზე შედიან? არსებობს მუშაობის ცალკეული ასპექტები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ დასაქმებული ქალბატონის ბედნიერებას. ზოგჯერ ქალი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და თვითრეალიზაციის მიზნით მუშაობს. ამ შემთხვევაში, სამსახური, დიდი ალბათობით, აბედნიერებს. თუმცა უფრო ხშირად მუშაობა საჭიროებაა და არა (თავისუფალი) არჩევანი. ამ შემთხვევაში, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალა იწყებს მოქმედებას. ერთი მხრივ, ქალს სჭირდება ფინანსური რესურსი თავისი და ოჯახის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რისთვისაც მუშაობაა საჭირო. ანაზღაურებადი შრომა უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს, რამაც ქალი უნდა გააბედნიეროს. მეორე მხრივ კი, მუშაობა გულისხმობს მინიმუმ დასვენების დროზე უარის თქმას ან ორმაგ დატვირთვას, სახლსა და სამსახურში. ნაკლებად ტრადიციულ საზოგადოებებშიც კი საოჯახო საქმით ძირითადად ქალები არიან დაკავებულნი. შესაბამისად, როცა ქალები, საბოლოო ჯამში, „ორ ცვლაში“ მუშაობენ, როგორც არლი ჰოხშილდი აღნიშნავდა 1989 წელს, უჭირთ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება, სათანადოდ ვერ ირგებენ თავიანთ ანაზღაურებას და ნაკლებად ბედნიერები არიან.

მომუშავე ქალების მზარდი ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ტრადიციულ საზოგადოებებში, სადაც სტერეოტიპულ გენდერულ როლებს ჯერ კიდევ მყარად აქვს ფესვები გადგმული. სამხრეთ კავკასიაში ტრადიციული ღირებულებები კვლავაც ძლიერია და, შესაბამისად, საოჯახო საქმე და ოჯახის წევრებზე ზრუნვის მოვალეობების განაწილებაც სქესთა შორის საკმაოდ არათანაბარია. ამის გათვალისწინებით, გარანტირებული არაა, რომ შრომის ბაზარზე შესვლა აღნიშნული რეგიონის ქალებს მაინცდამაინც გააბედნიერებს.

იხილეთ გაგრძელება