საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა

საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს.

როგორც Kazpravda.kz-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილმა განუცხადა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოში უკვე იმოგზაურა 10 ათასმა ყაზახმა ტურისტმა, რაც 21%-ით მეტია გასული წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით.

მამია ბერძენიშვილის ინფორმაციით, წელს ბათუმში ყაზახეთიდან პირდაპირი რეისები დაინიშნება, რომელსაც ავიაკომპანია SCAT და ყაზახური ჩარტერი SKYBUS შეასრულებენ.

„ბათუმში რეისები ყაზახეთის 9 ქალაქიდან, მათ შორის ასტანადან, ალმაატიდან, აკტაუდან, აკტობედან, ატირაუდან, ყარაგანდადან , კვირაში 8-ჯერ განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ორივე გზის ჩათვლით 200-300 დოლარი იქნება. ფასი სეზონზე დამოკიდებული იქნება“, - აღნიშნა მამია ბერძენიშვილმა ყაზახურ მედიასთან საუბრისას.