დიმიტრი ხუნდაძე - სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა - მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების ქმედებები

სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა, მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების ქმედებები და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიხატება, ისინი აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან , - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე ამ დახმარებას ვერ იღებს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება.

”სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა, მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების ქმედებები და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიხატება, ისინი აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან. თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე ამ დახმარებას ვერ ღებულობს, აუცილებლად დავეხმარებით. თუმცა, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა. ეს არის სოციალურად ყველაზე მეტად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფომ ეს დახმარება ბოლო პერიოდში გააორმაგა. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ბევრია გაჭირვებული და ღარიბი, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას, სად გადის ზღვარი სიღარიბესა და სიღატაკეს შორის? რამდენიმე დღის წინ, მე და ბატონი დავით სერგეენკო შევთანხმდით, გამოვიყენოთ დამატებითი გადამოწმების მექანიზმები და აღმოფხვრათ ხარვეზები. პრობლემა არსებულ პროგრამაში კი არა, მისი არსებობის საჭიროებაშია”, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და შესაბამისად, დაიწყო მასიური შეტევა ქართულ ჯანდაცვაზე.

”ნაციონალურ მოძრაობას” და მის მონათესავე სატელიტ პარტიებს სურთ მოსახლეობას წაართვან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უამრავი ოჯახი იხსნა დაღუპვისგან და სურთ, მოსახლეობა დააბრუნონ საყოველთაო პატიმრობის პროგრამაში. ეს მათი გაგებით ნაკლები დაუჯდება ქვეყანას და საზოგადოების მართვა გაცილებით მარტივი იქნება. ჩემი არაერთი თხოვნა კოლეგებისადმი, რომ სოციალური თემატიკა, გაჭირვებული მოქალაქეების თემატიკა არ გამოეყენებინათ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, არათუ შეისმინეს, არამედ ფარად აიფარეს და ამ გზით უნდათ გაიკვალონ პოლიტიკური გზა”, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ამის კლასიკური მაგალითი იყო გუშინ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში გასული თოქ-შოუ, სადაც ხუნდაძის შეფასებით, ”ტყუილისა და მართლის გარჩევა ძალიან რთული იყო, მაგრამ მათი მიზანი თვალნათლივ ჩანდა”.

”გადაცემაში გამოტანილი პრობლემები არ დაწყებულა გუშინ, მაგრამ არ მახსოვს, 2012 წლამდე მსგავსი სიხშირით და სიმწვავით გაეშუქებინათ ამ ტიპის პრობლემები. სოციალური თემატიკა უნდა შუქდებოდეს, მაგრამ არა ამ ფორმით. მათი მთავარი მიზანია ქვეყანაში შექმნას პანიკა, დაამკვიდროს ნეგატიური აზრი, რაც ნაწილობრივ შეძლეს, ასევე გააღვივონ სიძულვილი და ამაში ნახონ პოლიტიკური სარგებელი. მთავარია, ჩვენ გქვონდეს პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება, რაც თქვენ არასდროს გქონიათ - სოციალურ დაუცველები და პენსიონერები მხოლოდ საარჩევნოდ გახსოვდათ და გჭირდებოდათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით, ხელისუფლება გააგრძელებს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეს გაგრძელდება როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ამ პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა ხუნდაძემ.