კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ონლაინსესხების საკითხი მისახედია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ონლაინსესხების საკითხი მისახედია. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ონლაინსესხების რეგულირება.

”ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში ეს კომპანიები, რომლებიც ონლაინსესხებს გასცემენ, არ შემოდიან. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ზოგადად, ონლაინსესხების რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსახვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად რომ ვისაუროთ, თავისთავად სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებასთან”, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს შედარებით დიდი ხნის გამოცდილება აქვთ.

”ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად, მოხდება იმ ღონისძიებების შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით მაქსიმალურად შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამორიცხული იყოს. ეს რა თქმა უნდა, ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე კარგად აისახება”, - განაცხადა გვენეტაძემ.