კობა გვენეტაძე ამ ეტაპზე ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, არის ქვეყნები, სადაც ფინანსური ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაშია და არის ქვეყნები, სადაც გამოყოფილია.

”მოდელი ფინანსური ზედამხედველობისა არის სხვადასხვა. არიან ქვეყნები, სადაც ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკთანაა და არის ეროვნული ბანკის გარეშე. საბოლოოდ, ალბათ, ის მოდელია კარგი, რომელიც კარგად მუშაობს და რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ვფიქრობ და იგივე განვაცხადე პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის საჭიროება, რომ ფინანსური ზედამხედველობა ცენტრალური ბანკისგან გამოყოფილი იყოს. ალბათ, ეს უფრო განსაკუთრებით რელევანტური იყო გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში დიდი შოკი იყო ლარის კურსის გაუფასურების თვალსაზრისით, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა საბანკო პორტფელის ხარისხზე”, - განაცხადა გვენეტაძემ.

გასულ წელს პარლამენტმა ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფისა და მის ცაკლე სააგენტოდ ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.