ირაკლი ჩიქოვანი - ავტოგადამზიდავების პრობლემების შემქმნელი კომპანია ეკუთვნის ვინმე კაკულიას, რომელიც ფოთის მერის ძმა არის

”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ავტოგადამზიდავებს ზუგდიდში ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის საქმიანობა, რომელსაც ავტოგადამზიდავები ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ, დღეს რეალურად საფრთხის წინაშე დგას.

”ისინი ნამდვილად არ არიან პოლიტიკურად მოტივირებულები, პირიქით, სამართლებრივ ბრძოლას არჩევენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. დამეთანხმებიან ის დეპუტატები, რომლებიც არიან სამეგრელოდან, რომ ამ ადამიანებს მართლაც ოფლის და სისხლის ფასად აქვთ ლუკმა-პურის შოვნის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, არც ერთმა ჩემმა კოლეგამ არ ინება და მათ არ შეხვდა. მათ გამოაცხადეს შიმშილობა ზუგდიდში. არც ერთი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი და მათ შორის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მათ არ შეხვედრია. სამწუხაროდ, ე.წ. დიდი მსხვილი კომპანია, რომლის სახელსაც არის ამოფარებული ახალი ე.წ. ინვესტორი არ წარმოადგენს არაფერს გარდა იმისა, რომ არის რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული კომპანია. სარგებლობს მსგავსი სახელით, "მეტროს" ვგულისხმობ და თვითონ კომპანია არის "მეტრი+’’, ის ეკუთვნის ვინმე კაკულიას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ფოთის მერის ძმა არის. ამ ადამიანების ინტერესების დაცვას ავალებენ შსს-ს წარმომადგენლებს ადგილზე”, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამეგრელოში ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები სამწუხაროდ ქცეული იყვნენ ერთ სისტემას დაქვემდებარებულ ძალად.

”თუმცა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იქ მართლაც კეთილსინდისიერი ოფიცრები მსახურობდნენ და შეძლებისდაგვარად დაიბრუნეს ადამიანების ნდობა. თუმცა, ახლა კვლავაც საკუთარ მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება არ აძლევს ხელს მათ რეპუტაციას და არანაირად არ აძლევს ხელს იმ ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, რომელიც მართლა საფრთხის წინაშე დგას თითოეული ოჯახის გამორჩენის საკითხი. მე მინდა მივმართო თხოვნით ბატონ ზურაბ ტყემალაძეს, მოვაწყოთ მოსმენა კომიტეტის ფარგლებში და რეალურად მოვისმინოთ თუ რა ხდება ადგილზე. ეს დაახლოებით აბსურდის თეატრს არის დამსგავსებული. ამ კომპანიის დასადგურებისათვის ხელი, რომ შეეწყოთ ზუგდიდში თვითონ ქალაქის მერიამ ამოძირკვა რამდენიმე ხე ცენტრალური გზიდან და მერე უბრალოდ მიხვდნენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და უკან ჩააბრუნეს ეს ხე. ეს უბრალოდ, სასაცილოა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ იკვეთება კონკრეტული ადამიანების ინტერესი ამ ყველაფრის უკან თორემ, წარმოუდგენელია კერძო კომპანიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის დარეგისტრირებული, ასეთი მკაცრი და ასეთი მყარი ლობი ჰყავდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გთხოვთ, ბატონებო და ქალბატონებო, ქალბატონ ეკას და ყველა სამეგრელოს დეპუტაციას მივმართავ, რომ დაინტერესდეთ ამ საკითხით იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.