ირაკლი აბესაძე - რომ გცოდნოდათ, რომ 518 ხის მოჭრის სანაცვლოდ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუ დაუჭერდით მხარს ამ გადაწყვეტილებას

რომ გცოდნოდათ, რომ 518 ხის მოჭრის სანაცვლოდ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, რამდენად დაუჭერდით მხარს ამ გადაწყვეტილებას? - ამ კითხვით დღეს, თბილისის საკრებულოში სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ საკრებულოს უმრავლესობას მიმართა.

სხდომის დასაწყისში, საკითხების დამტკიცებამდე ირაკლი აბესაძემ კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკითხვა უმრავლესობის მისამართით დასვა. ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერია აცხადებდა, რომ აპირებდა კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობას, რისთვისაც მოიჭრა 518 ხე, გაზის მილის გადასატანად კი 618 000 ლარი იყო საჭირო. აბესაძის თქმით, ამ პროექტს ისინი დათანხმდნენ, რადგანაც საავტომობილო გზა უნდა გაკეთებულიყო, თუმცა იმ პერიოდში საზოგადოებამ ხეების გაჩეხვის ფაქტი გააპროტესტა. აბესაძის თქმით, დღეს თბილისის მერიამ დასაბუთების გარეშე შეცვალა გზის მშეენებლობის მიმართულება, სხვა ადგილზე რომ გაიყვანონ გზა კიდევ უნდა გაიჭრას ხეები და გზის მშენებლობისთვის შერჩეული რელიეფიც რთულია, რისთვისაც უფრო მეტი თანხის დახარჯვა იქნება საჭირო, ვიდრე პირველი პროექტის შემთხვევაში.

„რომ გცოდნოდათ, რომ 518 ხის მოჭრის სანაცვლოდ სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, რამდენად დაუჭერდით მხარს ამ გადაწყვეტილებას?“, - განაცხადა აბესაძემ.

ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.