მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, წელიწადში 4-ჯერ ეროვნულ ბანკში პრესკონფერენცია გაიმართება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი ღია და ტრანსფარენტული ინსტიტუტია. მისივე თქმით, ახალი ინიციატივა გულისხმობს, უფრო აქტიურ და დინამიკურ ფაზაზე გადასვლას, რაც რეგულარულ ბრიფინგებში გამოიხატება.
”ისინი გაიმართება რეგულარულად წელიწადში 4-ჯერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე. მათზე გარდა იმისა, რომ დეტალურად ავხსნით კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველებსა და მიზეზებს, ასევე ვუპასუხებთ შეკითხვებსაც, რომლებიც დაგროვილი იქნება და რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს ეხება და მისი მანდატის ქვეშ იმყოფება. ბრიფინგების კალენდარი წინასწარ იქნება ცნობილი, ეროვნული ბანკის საიტზე გამოქვეყნდება”, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ 4-ჯერ იქნება შეხვედრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე კომუნკაცია არ იქნება.
”4-ჯერ შეხვედრა არის ის, რაც აუცილებლად იქნება”, - დასძინა გვენეტაძემ.
რაც შეეხება წლიურ ანგარიშს, რომლითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს, გვენეტაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს კანონით განსაზღვრული ვადა.
”ჩვენ ვმუშაობთ წლიურ ანგარიშზე. მე მას გავეცანი. ის თითქმის დასრულების ეტაპზეა მისული. გარკვეულწილად ეს ასახავს იმ პერიოდს, როდესაც მე არ ვიყავი ეროვნულ ბანკში. დოკუმენტი დაიწერა და წარდგენილი იქნება პარლამენტში თავის ვადებში”, - განაცხადა გვენეტაძემ.