საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ თურქეთისთვის ტერიტორიის გადაცემას უარყოფს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისათვის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. 1992 წელს მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი. აქედან გამომდინარე, დღეს საზღვართან და მის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკებები და შეთანხმება გამორიცხულია.

”ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით. საკითხი სავარაუდოდ, მას შემდეგ მოექცა თურქული მედიის ყურადღების ცენტრში, რაც 2016 წლის 20 აპრილს გაიმართა ექსპერტთა მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მოინახულეს თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი, სადაც სპეციალისტებმა აღსადგენი კალაპოტის ღერძი დაკვალეს სათანადო ხელსაწყოების გამოყენებით, რედემარკაციის მასალებით განსაზღვრული კოორდინატების შესაბამისად. ანალოგიური სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება მდინარე ქარზამეთისწყალზე”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah წერს.

გამოცემის თანახმად, გასულ კვირას თურქული და ქართული დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე პოსოფი/თურგოზუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.