დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩიკაგოში გამართულ საინვესტიციო ”როუდ შოუში” მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო ”როუდ შოუ” მიმდინარეობს.

პირველი ქალაქი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პოტენციურ ინვესტორებთან მსგავსი სახის შეხვედრა გაიმართა, ჩიკაგოა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე განმარტებით, ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო როუდ შოუს მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და ინიციატივების წარდგენაა.

,,ჩვენ შევხვდებით პორტფოლიო ინვესტორებს, რომლებიც, როგორც წესი, ფულს აბანდებენ სახაზინო ვალდებულებებსა და ევროობლიგაციებში, ასევე, აკეთებენ გრძელვადიან დაბანდებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტორებს ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მათგან მოზიდული სახსრები, როგორც წესი, არის ხოლმე ძალიან იაფი, გრძელვადიანი და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. დღეს მათ წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი - თუ სად, რომელ სექტორებში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად გვექნება უკვე წარმატებული შემთხვევები”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ოფიციალური პირების გარდა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან წამყვანი ქართული კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების ინდივიდუალური შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.

”როუდ შოუს” დაგეგმვა საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის „CitiGroup“-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „J.P. Morgan“-ის მხარდაჭერით მოხდა. ანალოგიური შეხვედრები ჩიკაგოს შემდეგ ბოსტონსა და ნიუ-იორკშიც გაიმართება.