აგვისტოდან რძის ტექნიკური რეგლამენტი უფრო გამკაცრდება

„არაჟნის მსგავსი“, „ხაჭოსებრი“ ან „ხაჭოს მსგავსი“... - მსგავსი დასახელებების გამოყენება იკრძალება

2015 წელს საქართველოში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედების შესახებ, რამაც ამ სფეროში ბევრი რამ შეცვალა: რეგულაციის მიხედვით, დასახელება - „რძე, მშრალი რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი“ და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა დაეწეროს „რძის შემცვლელი პროდუქტი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ჯარიმდება, ხოლო მისი სურსათის რეალიზაცია იკრძალება.

რძის კომპანიები აცხადებენ, რომ რეგლამენტის შემოღებით მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, როგორც მუშაობდნენ, ისევე აგრძელებენ მუშაობას, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში კი, ცვლილებებს აშკარად ამჩნევენ. როგორც ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ გვითხრა, მომხმარებლის დამოკიდებულება რძის პროდუქტისადმი აშკარად შეიცვალა.

„ისინი აკვირდებიან, ეტიკეტს კითხულობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდულობენ. სიმართლე გითხრათ, ჩვენც საქმე გაგვიადვილდა: ვინ იცის, ჩემთვის რამდენჯერ უთქვამთ საყვედური - საწამლავს ყიდიო... ახლა ეტიკეტზე აწერია, რძის პროდუქტს ყიდულობს, თუ მის შემცვლელს და ჩვენც პასუხისმგებლობა მოგვეხსნა. ჩემი დაკვირვებით, ის პროდუქტები, რომლებსაც აწერია „არაჟნის მაგვარი“, „ხაჭოს მაგვარი“ და ა.შ., უფრო ნაკლებად იყიდება. მყიდველს ურჩევნია თანხა დაამატოს და ნამდვილი ხაჭო, ან არაჟანი შეიძინოს, თუმცა ყველა პროდუქტს თავისი მყიდველი ჰყავს. ზოგიერთი მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქციასაც სიამოვნებით ყიდულობს, რადგან ის უფრო იაფია.“

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, „რძის ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედების შემდეგ რძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება შესამჩნევად გაუმჯობესდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლით დგინდება, რომ დარღვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რძის რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ათასზე მეტი ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 150 ნიმუშს, დარღვევა გამოვლინდა 30 მათგანში, ხოლო სხვადასხვა შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 139 ბიზნესოპერატორი. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით 55 ნიმუშის ლაბორატორიულმა კვლევამ დარღვევა გამოავლინა მხოლოდ 7-ში. მთლიანობაში სხვადასხვა შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

„ბიზნესპრესნიუსის“სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძეს ესაუბრა.

კახა სოხაძე: „მოგეხესნებათ, რომ საქართველოში არ იყო აკრძალული რძის ნაწარმში რძისთვის შეუსაბამო ინგრედიენტების დამატება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში რძის ნაწარმში მცენარეულ ცხიმებს იყენებდნენ, რაც სრულიად შეუსაბამოა რძის ბუნებასთან. იმის გამო, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობდა, წლების განმავლობაში ხდებოდა რძის პროდუქტების ფალსიფიკაცია, მათ შორის, მცენარეული ცხიმების შეუზღუდავი გამოყენებით, რაც მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომ წარმოიშვა ვალდებულება, რომ ეტიკეტზე განთავსებულიყო წარწერა, სადაც პროდუქტის შემადგენლობა იქნებოდა მოცემული. დადგა ამ მოთხოვნების შემუშავებისა და დანერგვის საჭიროება, რასაც თანდათან მივაღწიეთ. მიღებული შედეგი ერთგვარი სტიმულია ნატურალური რძის წარმოების განვითარებისთვისაც, რადგან ეს ბიზნესი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდა“, - აღნიშნა კახა სოხაძემ.

მისი თქმით, ამ ბაზარზე არსებული სიტუაცია არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რძის რეგლამენტის მიღების საკითხი.

„ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებდით საერთაშორისო ნორმებს, სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა მდგომარეობის გამოსასწორებლად. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, მიდიოდა განხილვები ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის მეწარმეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. სწორედ ასე იქნა მიღებული დადგენილება, რომელიც ძალაში გასული წლის 1-ელ აგვისტოს შევიდა. რა თქმა უნდა, თავიდან იყო დარღვევები, ხდებოდა რძის ნაწარმის ეტიკეტირება კანონის მოთხოვნების შეუსაბამოდ. გამოვლინდა მცენარეული ცხიმების გამოყენების ფაქტები, თუმცა უნდა გითხრათ, რომ კონტროლის განხორციელებასთან ერთად, მსგავსმა შემთხვევებმა იკლო. დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბაზარზე ისეთი ნაწარმი იყიდება, რომელიც რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება და აკმაყოფილებს. მწარმოებლები უნებართვოდ ვეღარ იყენებენ მცენარეულ ცხიმებს, რადგან ამ ბაზრის კონტროლს პერმანენტულად ვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა სოხაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, 2016 წლის 1-ელი აგვისტოდან რეგულაცია უფრო მკაცრდება.

„ჯერჯერობით დაშვებულია მიმსგავსებული სახელების გამოყენება იმ პროდუქციაზე, რომელიც მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, მაგალითად: „არაჟნის მსგავსი“,„ ხაჭოსებრი“, ან „ხაჭოს მსგავსი“, თუმცა 1-ელი აგვისტოდან უკვე ასეთი დასახელებების გამოყენებაც აკრძალულია. მართალია, მცენარეული ცხიმები ადამიანისთვის მავნებელი არ არის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. მომხმარებელმა უნდა მიიღოს ის პროდუქცია, რომლის მოლოდინიც აქვს: თუ ადამიანს ნატურალური რძის ნაწარმის ყიდვა უნდა, სწორედ ასეთი უნდა იყიდოს და არა - მიმსგავსებული, რომელიც მცენარეულ ცხიმებზეა დამზადებული“, - აღნიშნავს კახა სოხაძე.

მისი თქმით, უცხოეთში მსგავსი მოვლენა არ არსებობს: „ჩვენს კოლეგებს ევროკავშირის ქვეყნებიდან უკვირდათ, თუ რძის ნაწარმია, რატომ უნდა იყოს მასში მცენარეული ცხიმებიო... სასიამოვნოა, რომ ქართულ ბაზარზე ეს გაუგებრობა აღმოიფხვრა. სხვათა შორის, რძის კომპანიების რეაქცია აღნიშნულ რეგულაციაზე დადებითია, რადგან წესრიგი პირველ რიგში იმათთვის არის კარგი, ვინც ნამდვილ, ნატურალურ რძის პროდუქტებს ამზადებდა და ამზადებს. მათთვის რძის ტექნიკური რეგლამენტი ხელისშემშლელი სულაც არ არის“.

ხათუნა ჩიგოგიძე