როგორ იქცა ორი ხბო წარმატებულ ფერმად

„როცა სხვების ნახირს მივყვებოდი, საკუთარი მიზნის მისაღწევად გეგმევს ვაწყობდი“

გურამ მანგოშვილი 29 წლის ფერმერია ზემო ბოდბიდან. დღეს ტკბილ-მწარე მოგონებებით იხსენებს იმ დროს, როცა 19 წლის ასაკში, ნასესხები ფულითა და ორი ხბოთი ფერმერულ საქმიანობას იწყებდა. ამბობს, რომ ათწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და ყოველდღიური შრომით მიღებული ცოდნა, უკვე სხვებსაც შეუძლია გაუზიაროს. ცხოვრებაში ბევრი სირთულე, გაჭირვება და უსამართლობა უნახავს, ამიტომ ყველაზე მეტად ისეთ ადამიანს აფასებს, რომელსაც სხვებისთვის ხელისგამართვა და უანგარო დახმარება შეუძლია.

,,გუშინ პირველი შვილი შემეძინა და მას ,,შვილიშვილი.“ ამ ქალს მეორე დედას ვეძახი, თავს ბედნიერად ვთვლი, რომ შევხვდი და გავიცანი“, - ასე ახასიათებს გურამ მანგოშვილი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს, რომელმაც თავის დროზე გურამს უანგარო დახმარება გაუწია.

თანასოფლელების ნახირში, ყანებსა და ბაღ-ვენახებში დღიური სარჩოსთვის ხუთ და მაქსიმუმ ათ ლარად მუშაობა, მშენებლობებზე ფიზიკური მძიმე შრომა და წნორში ნაქირავები პატარა მაღაზია, სადაც ბაზარში ნაყიდ ხორცს ერთი ლარით ძვირად ყიდდა - გურამ მანგოშვილმა ეს რთული გზა მესაქონლეობის ბიზნესის დაწყებამდე უმცროს ძმასთან ერთად გამოიარა.

,,როცა სხვების ნახირს მივყვებოდი, საკუთარზე ფიქრს არ ვეშვებოდი და მიზნის მისაღწევად გეგმებს ვაწყობდი. ცხრა წლის წინ ერთ კაცთან ვმუშაობდი, ძველ სახლებს ანგრევდა და აგური გაჰქონდა. ნამუშევარი ფული აღარ მომცა და ამ თანხაში დამიტოვა ადგილი, რომელზეც დღეს ჩემი ფერმაა. მისთვის აქაურობა არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის კი ეს იყო მიწა, რომელზეც პირველი აგური დავდე მომავალი ოცნების ასაშენებლად. ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავიწყე, საქონელს საქონელი ემატებოდა და წლიდან წლამდე ვზრდიდი ფერმას და აქამდე მოვედით“, - ამბობს გურამ მანგოშვილი, რომელსაც დღეს კეთილმოწყობილ ფერმაში უკვე 60-მდე სული, სხვადასხვა ჯიშის საქონელი ჰყავს. საკუთარი დანაზოგითა და ბანკის სესხით გურამმა ბიზნესი მნიშვნელოვნად გააფართოვა.

ამ ეტაპზე ხორცისა თუ რძის პროდუქტების რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. ფერმერულ საქმიანობაში მთელი ოჯახი ჩართულია, აქ ყველას თავისი სქმე აქვს განაწილებული. ძირითად გადაწყვეტილებებს გურამი იღებს. აპირებს, საქონელი მაქსიმალურად გაამრავლოს და ახალი მეწველი ჯიშები შემოიყვნოს. მომავალში კი ნატურალური პროდუქციით მსხილი სუპერმარკეტების მომარაგებასაც გეგმავს.

,,ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმის გაფართოება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა მინდა. დღეს ესაა ჩემი მიზანი. მას შემდეგ, რაც სულადობას გავზრდი, ოფიციალურ წარმოებაზე უნდა გადავიდე. სესხი დოლარში მაქვს აღებული, კურსის მერყეობამ წელს მაზარალა, მაგრამ მომავლის იმედით და შრომის წყალობით იმედი მაქვს, ვალიდან მალე ამოვალ და თანდათან წინ წავალ.“

უჭირს იმის თქმა, რამდენად შეფასდება დღეს სამასი ლარით დაწყებული მისი ბიზნესი. ამბობს, რომ ამაზე არც ფიქრობს, რადგან ყველაზე ცუდ რეალობაშიც კი ვერ წარმოუდგენია ამ ტერიტორიის გაყიდვა და გასხვისება.

,,ჩემი ხელებით შექმნილი ჩემს მომავალს, შვილებს და შვილიშვილებს უნდა გადაყვეს. აქაურობის დატოვებაზე არასდროს ვიფიქრებ. აქ თაობები გაიზრდებიან და დაწყებული საქმის გამგრძელებლები კვლავ გამოჩნდებიან“, - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც თავის სოფელში ერთადერთ მოუგვარებელ პრობლემას - უწყლობას ხედავს. იმედოვნებს, რომ ზედა ბოდბეში ამ გადაუჭრელი დილემის დაძლევაში მთავრობა დაეხმარება. მანამდე კი ყოველდღიურ დაუღალავ შრომას რთულ პირობებში აგრძელებს.

ცოტა ხნის წინ უელსში, იქაური ფერმერული საქმიანობის სანახავად და ტექნოლოგიების გასაცნობად იმყოფებოდა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ იქ დანერგილმა ინფრასტრუქტურამ მოხიბლა.

,,მათ უყვართ ეს საქმე, იციან და პატივს სცემენ. ორ ადამიანს რომ სამასი სული საქონლის მოვლა შეუძლია ესაა ჩვენსა და იმათ შორის სხვაობა. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა კი არც ჩვენ გვაკლია“, - აღნიშნავს ფერმერი.

ქრისტინე გამთენაძე