ბენ ჰოჯესი - ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს

ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ნატო-ს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცია ჩამოვიდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის ხელმძღვანელობით, სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დახვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტიდან ამერიკელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბათუმის პორტში გადაინაცვლეს და მის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. ლოგისტიკის სფეროს ოფიცრებმა კი საქართველოს ლოგისტიკური მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებსა და ნატო-ს მაღალი სტანდარტით სთავაზობს, მათ შორის, ორმხრივი და მრავალეროვნული საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. პორტში ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში მაისში დაგეგმილ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის ბათუმის პორტის საშუალებით შემოყვანას. მხარეებმა ლოგიტიკური თვალსაზრისით, სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ჩამოსულია მაღალი დონის დელეგაცია - გენერლები, პოლკოვნიკები, სხვადასსხვა ქვეყნის წარმომადგენლები როგორც ევროპაში ამერიკული სარდლობის, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების. მათი ვიზიტის მიზანია ახლოს გაიცნონ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია საზღვაო პორტებს, ზოგადად, შავი ზღვის აკვატორიაში და მათ შორის, საქართველოშიც”, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ევროპაში აშშ-ის სარდლობის მეთაურმა, თავის მხრივ, საქართველოში ვიზიტის მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოფიცრები აშშ-ის ევროპული სარდლობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატო-დან და ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს - თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა. ჩვენი დელეგაციის შემადგენლობის ნაწილი ლოგისტიკის სფეროს ოფიცრები არიან. ჩვენ ასევე, ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ თქვენს ქვეყანას, ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს - გენერალ კაპანაძეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის. მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩატარდება. სწორედ ამ ადგილას შემოვა ბულგარეთიდან ბორანით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული საქართველოში, რომელიც წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, მსურდა ამ ტერიტორიის ნახვა და გაცნობა,“ - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.

შავი ზღის აუზში ტურის ფარგლებში, საქართველოს შემდეგ, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნები საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით ნატო-ს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებსაც ესტუმრებიან.