საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 3 713 804-ს შეადგენს

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.

ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ია, სოფლის მოსახლეობის რაოდენობა კი - 1 591 181.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 ათასი კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს ამ წუთებში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი წარადგენს.