ბათუმში ოჯახი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და ვიცე-მერის ინტერესებზე საუბრობს

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე მცხოვრები იზო რუსიძე მის სახლთან კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. იზო რუსიძემ მშენებლობამდე მისასვლელი გზა დღეს დილიდან გადაკეტა - მანქანების სავალ ნაწილზე განთავსდა და სამშენებლო მანქანებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

მისი თქმით, მჯდომარე პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ სამშენებლო კომპანია „ელიტ ჰაუსი“ სამშენებლო სტანდარტებს არ დაიცავს. რუსიძის თქმით, კორპუსის უკან მოქცეულ მის სახლს მშენებლობამ ეზო წაართვა, გზა გაუუქმა და მისი სახლის მხარეს ფანჯრები და აივნები განათავსა, რაც სამშენებლო სტანდარტების დარღვევაა.

როგორც იზო რუსიძის შვილი მელანო დავითაძე ირწმუნება, ის, რომ მშენებლობა სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ. მელანო დავითაძის განცხადებით, მშენებლობის „უკან“ ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე დგას, რის გამოც შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ აკეთებენ. მისივე თქმით, ბაგრატ მანველიძე ამ მშენებლობის დასათვალიერებლად ადგილზე ხშირად მიდის:

„სამართალი აღარ ყოფილა ამ ქვეყანაზე, ეზოც წაგვართვეს და სახლამდე მისასვლელი გზაც არ დაგვიტოვეს. დღევანდელი აურზაურის მიზეზი კი ისაა, რომ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა და მშენებლობის სტანდარტი, რომ არ უნდა მომხდარიყო ჩვენს მხარეს ფანჯრების გამოჭრა, აივნების გაკეთება. მშენებლობამ სახლიც დააზიანა, დაიბზარა კედლები, პირველ სართულზე შედის წყალი“, - აღნიშნა მელანო დავითაძემ.

ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ბრალდებებს უარყოფს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბაგრატ მანველიძემ აღნიშნულ მისამართზე არსებული კუთვნილი 160 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ხუთი წლის წინ გაყიდა და მიმდინარე მშენებლობასთან საერთო არაფერი აქვს.

„ამ ტერიტორიაზე ხუთი პირი - ბაგრატ მანველიძე, სერთი ვერძაძე, ბექა ვერძაძე, ეთერ ბოლქვაძე და ხათუნა კორძაძე ფლობდნენ 975 კვ. მეტრი მიწის საერთო საკუთრებას. ხუთი წლის წინ ბაგრატ მანველიძემ თავისი წილი 160 კვ. მეტრი მიჰყიდა ავთო გეგუჩაძეს და დღეს ამ მშენებლობასთან საერთო არაფერი აქვს“, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

სამშენებლო სამუშაოების აღსადგენად დილიდან ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.