აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, 52,3 %-ს ქალები

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 %-ს ქალები.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი საზოგადოებას მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს აცნობს.

სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის თანახმად, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის 46,2%-ს მამაკაცები, ხოლო 53,8%-ს ქალები შეადგენენ.

რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს, აქ მამაკაცთა რაოდენობამ მთლიან მოსახლეობაში 49,8%, ხოლო ქალების - 50,2% შეადგინა.

მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%, 57 ათასი კვ. კმ.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.