საყოველთაო აღწერით, საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ. მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7%, ხოლო სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9%.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის განაწილება აღმსარებლობის მიხედვით ასე გამოიყურება: მართლმადიდებელია 3 097 600 ადამიანი, მუსლიმური აღმსარებლობა აქვს 398 700 ადამიანს, სომხური სამოციქულო - 109 000; კათოლიკური - 19 200; იეღოვას მოწმე - 12 400; იეზიდური - 8600, პროტესტანტული- 2500, იუდეური- 1400; სხვა აღმსარებლობა- 1400 ადამიანი. არცერთი - 19 100. უარი განაცხადა - 9 600-მა. აღმსარებლობა არ არის მითითებული 34 300 შემთხვევაში.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%, 57 ათასი კვ/კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.