თურქეთის ელჩი - თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა. თურქული მედიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის საელჩო ელჩის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევენთ გუმრუქჩუ განმარტავს, რომ ამ თვეში შესაბამისმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით.

”თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა. ამ თვეში, შესაბამისმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით. თურქეთ-საქართველოს საზღვარი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დადგინდა 1970-იან წლებში, რაც აღიარეს მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას და ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს”, - აცხადებს ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ.