CENN - ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები და რისკები იკვეთება

CENN საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას აკეთებს და ორგანიზაციის პოზიციის გამოქვეყნებას სპეციალისტებთან მიმდინარე კონსულტაციების საფუძველზე გეგმავს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, CENN-ის წარმომადგენლების აზრით, გამორჩეული კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და რეკრეაციული ღირებულების ძეგლის საზღვრების ცვლილებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები და რისკები იკვეთება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ საზღვრის კორექტირების შედეგად გაცვლილ ტერიტორიას არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, CENN აკონკრეტებს, რომ ამის მტკიცების ტვირთი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა, რაც, სამართლებრივად, არცთუ ისე მარტივი დასასაბუთებელი იქნებოდა.

„2007 წელს ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა პირობითი საზღვრების ფარგლებში. ამ გადაწყვეტილებით გამოიხატა ხელისუფლების პოლიტიკურ ნება და შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ სტატუსი გავრცელდებოდა ბოტანიკური ბაღის სრულ ტერიტორიაზე, მათ შორის, მომავალში მიერთებულ ფართობებზეც. დღეს კი სახეზეა ფაქტი, რომ მერიამ არ აირჩია სამართლებრივი გზა და გადაწყვეტილების მიღებამდე არ მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. საჭირო დასაბუთებისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე კი გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება ძეგლის ღირებულებისა და საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირებით მიიღეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებით და მისთვის სტატუსის შეცვლით იქმნება რისკი, რომ სრულიად დაუცველ კერძო ტერიტორიაზე ახლო მომავალში ვიხილავთ საინჟინრო ნაგებობებს, რომლებიც შესაძლებელია სულაც არ ჩაჯდეს ჰარმონიულად ბაღის ლანდშაფტში. ეს კი თბილისისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ტერიტორია საინჟინრო ნაგებობებით უკვე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

„დაუშვებელია, რომ საზოგადოებრივი ინტერესების შემცველი მსგავსი გადაწყვეტილებები სამოქალაქო ჩართულობის გარეშე მიიღება. ეს კი, ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკების გარდა, მიუთითებს ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე და ზოგადად, დემოკრატიის ხარისხზე. ეს არის ჩვენი პირველადი შეფასება. უფრო საფუძვლიან ანალიზს CENN, ბოტანიკოსებთან, ეკოლოგებთან, კულტურული მეკვიდრეობის სპეციალისტებთან და იურისტებთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადებს და უახლოეს დღეებში გაავრცელებს. ჩვენი მიზანია, შექმნილ სიტუაციაში, საზოგადოებამ აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა თავიდან ავიცილოთ დაუსაბუთებელი და დახურული გადაწყვეტილებების მძიმე შედეგები, რამაც, კონკრეტულ სიტუაციაში, შეიძლება თბილისს შეუქცევადი ზიანი მიაყენოს“, – აცხადებს CENN.